გრძელვადიანი პორტფელისთვის ინდივიდუალური აქციების შერჩევის ხელოვნება - რას უნდა მიაქციოს ყურადღება კერძო ინვესტორმა
ბოლო წლებში კერძო ინვესტორს საინვესტიციოდ პერსპექტიული აქციების შესარჩევად პრაქტიკულად ყველაფერი საჭირო გაუჩნდა. ახლა მას ხელი მიუწვდება ანგარიშგებებზე, ანალიტიკურ სერვისებზე, სკრინერებსა და ვაჭრობის მონაცემებზე რეალურ დროში. თუმცა შედეგი თითქმის არ შეცვლილა - ხანგრძლივ პერიოდებში უმრავლესობა ან ვერ უსწრებს ბაზარს, ან სისტემატურად ჩამორჩება მას. პრობლემა ინფორმაციის ნაკლებობაში კი არა, ფსიქოლოგიაშია.
ყველაზე ხშირი შეცდომები
ინვესტორები ხშირად არაერთ შეცდომას უშვებენ, განვიხილოთ ისინი უფრო დეტალურად.
ფასზე ფოკუსირება. თუ ფასი იზრდება, ბევრი აქციებს პერსპექტიულად მიიჩნევს, თუმცა ეს კომპანიის შესახებ არაფერს ამბობს. ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია Pets.com, რომელიც ცხოველებისთვის განკუთვნილ საქონელს ინტერნეტით ყიდდა. იმ დროს ეს „რევოლუციურად“ ჟღერდა. სახელწოდებაში „.com“-ის არსებობაც საკმარისი იყო, რომ ინვესტორები ჭკუიდან გადასულიყვნენ.
2000 წელს კომპანიამ IPO განახორციელა და აქციების ფასი სწრაფად გაიზარდა. ამასთან, ფასადის მიღმა არც მოგება არსებობდა და არც მდგრადი ეკონომიკური მოდელი. კომპანია აქტიურად ხარჯავდა ფულს მარკეტინგზე, მათ შორის Super Bowl-ზე რეკლამაზე. თუმცა IPO-დან უკვე 9 თვეში ის გაკოტრდა. აქციების ფასი თითქმის ნულამდე დაეცა, ბიზნესმოდელი კი წამგებიანი აღმოჩნდა. მძიმე საკვების მიწოდება იმაზე ძვირი ჯდებოდა, ვიდრე მარჟა იძლეოდა ამის საშუალებას. ზრდა მხოლოდ ინტერნეტისა და „.com“-ის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეფუძნებოდა და არა ფუნდამენტურ საფუძველს.
გეგმებზე, პროექტებსა და დაპირებებზე ორიენტირება. ყველამ ვიცით, რომ ყველა გეგმა და ყველა ოცნება რეალობად როდი იქცევა. კომპანიებშიც ასე ხდება. სურვილი და საქმის გაკეთება, როგორც ამბობენ, „ორი სრულიად განსხვავებული რამაა“. ამიტომ პრეზენტაციებსა და დაპირებებს არ უნდა ენდოთ. გაცილებით მნიშვნელოვანია ორიენტირება საქმიანობის რეალურ შედეგებზე, რომლებიც უკვე დადასტურებულია ციფრებითა და პრაქტიკით.
ბრენდსა და კომპანიის ცნობადობაზე ორიენტირება. კომპანიის ცნობადობა ზოგჯერ მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მას ძლიერი PR-გუნდი ჰყავს. სხვა ვარიანტია, რომ ის B2C-სეგმენტში მუშაობს და უბრალოდ უფრო ხშირად გხვდებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. თუმცა ეს ყოველთვის არ ნიშნავს ხარისხიან და მდგრად ბიზნესს.
საინვესტიციო პორტფელში შესატანად არ განვიხილავთ კომპანიებს, რომლებიც მოგებას 10 წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში აჩვენებენ. მიზეზი დროში დადასტურებული მდგრადობის ნაკლებობაა.
მაგალითად, დამწყები ინვესტორები ხშირად აქცევენ ყურადღებას Tesla-ს. ეს დიდწილად ილონ მასკის მედიაპოპულარობითაა განპირობებული, რომელსაც ნამდვილად შეუძლია თავისი პროექტებისადმი ყურადღების მიპყრობა. ამასთან, თავად კომპანიამ შედარებით ცოტა ხნის წინ დაიწყო სტაბილურად, ზარალის გარეშე მუშაობა.
ბროკერების რჩევების მოსმენა. ბროკერების რჩევები სარისკოა, რადგან აქ ყოველთვის არსებობს ინტერესთა კონფლიქტი. მათი შემოსავალი გარიგებების საკომისიოებით, ანუ თქვენი ყიდვა-გაყიდვით ყალიბდება. ბროკერისთვის ხელსაყრელია აქტიური კლიენტი, რომელიც რეგულარულად ახორციელებს ოპერაციებს და არა ინვესტორი, რომელიც აქციებს წლების განმავლობაში მშვიდად ინარჩუნებს. ამიტომ ისინი მუდმივად შემოგთავაზებენ „საინტერესო“ იდეებს, მათი საკომისიო კი მთელ თქვენს მოგებას შეჭამს. დაფიქრდით, რატომ გასწავლიან ბროკერები სიამოვნებით უფასოდ ტრეიდინგს, მაგრამ არცერთი მათგანი არ გასწავლით უფასოდ გრძელვადიან ინვესტირებას.
გაყიდვა ვარდნის დროს. როდესაც აქციის ფასი ეცემა, ფულს არ კარგავთ მანამ, სანამ გაყიდვით ზარალს არ დააფიქსირებთ. დანაკარგი სწორედ გარიგების მომენტში დგება. მაგრამ როგორ განვასხვაოთ კარგი კომპანიის დროებითი ვარდნა სუსტი ბიზნესის ხანგრძლივი ვარდნის დასაწყისისგან? პასუხი ერთია - მხოლოდ მისი ბიზნესის შესწავლით.
რაც უფრო ღრმად ერკვევით ბიზნესში, მით უფრო მშვიდად რეაგირებთ ფასის რყევებზე. თვალსაჩინო მაგალითია იპოთეკური კრიზისი აშშ-ში. მაშინ პრაქტიკულად ყველა ბანკის აქციები ეცემოდა, მათიც კი, რომლებსაც იპოთეკასთან კავშირი არ ჰქონდათ. რატომ? ბაზარზე შიშისა და პანიკის გამო, იმის სურვილით, რომ რაღაც მაინც გადაერჩინათ.
მაგრამ თუ კარგად გესმით, რომ ბანკი, რომლის აქციებიც თქვენს პორტფელშია, იპოთეკურ რისკებთან დაკავშირებული არ არის და ამავდროულად მდგრადი ფინანსური მდგომარეობა აქვს, პანიკის მიზეზი არ გაქვთ. ასეთ მომენტებში გადაწყვეტილება შეიძლება იყოს არა გაყიდვა, არამედ პირიქით - სიტუაციით სარგებლობა და ახალი აქციების შეძენა.
ცალკე როლს თამაშობს გამოცდილება, რომელიც ბაზრის ყოველი გადატანილი ვარდნისა და ყოველი აღმასვლის შედეგად გროვდება. მაგალითად, პირველი 10%-იანი ვარდნისას აღელდებით და აქციების გაყიდვა მოგინდებათ. მაგრამ შემდეგ ფასები აღდგება და გაიზრდება კიდეც. მომდევნო ტალღის გადატანა უფრო ადვილი იქნება. იგივე ეხება სწრაფი ზრდის პერიოდებსაც. რაც უფრო მეტ ასეთ ციკლს გაივლით, მით უფრო მარტივი იქნება, არ აჰყვეთ პიკზე მოგების დაფიქსირების სურვილს და ხარისხიან აქციებში პოზიცია შეინარჩუნოთ.
უნიკალური შესაძლებლობის ხელიდან გაშვების შიში. სიხარბე, ან როგორც ახლა ამბობენ, FOMO (Fear Of Missing Out) - შესაძლებლობის ხელიდან გაშვების შიში. ინვესტირებაში ეს მაშინ ვლინდება, როდესაც აქციის ფასი უკვე გაზრდილია. ასეთ შემთხვევებში ბევრი ყიდულობს არა ფხიზელი გათვლის საფუძველზე, არამედ იმის შიშით, რომ „ფულის გამომუშავებას ვერ მოასწრებს“.
სხვა სიტუაცია: თქვენ კარგი აქციები იყიდეთ, მაგრამ მათი ფასი არ იზრდება. ამავე დროს, თქვენი მეგობრის პორტფელი მოგებას აჩვენებს. აქ საკუთარ არჩევანში ეჭვი გეპარებათ. საბოლოოდ, თქვენს აქციებს ყიდით, ყიდულობთ მათ, რომელთა ფასიც გაიზარდა, ისინი კი ეცემა.
ამიტომ თავიდანვე უარი თქვით მცდელობაზე, „მთელი ფული გამოიმუშაოთ“. თუ მეგობარმა მოგება მიიღო, გაიხარეთ მის გამო და თქვენს პორტფელს ნუ შეეხებით. შექმენით თქვენთვის FOMO-დღიური. ყოველთვის, როდესაც ამ გრძნობას შეამჩნევთ, ჩაიწერეთ თარიღი, იმ აქციის ტიკერი, რომლის ყიდვაც გინდოდათ, და ფასი. დაურთეთ ფინანსური მაჩვენებლების ანალიზის მოკლე დასკვნა.
პერიოდულად დაუბრუნდით ამ ჩანაწერებს და ნახეთ, რა დაემართა ამ აქციებს 3 თვის, ნახევარი წლისა თუ ერთი წლის შემდეგ. დროთა განმავლობაში ეს მომავალში უფრო მშვიდი და აწონილ-დაწონილი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ.
როგორ ვარჩევ აქციებს
კომპანიის გეგმებს არ ვუყურებ, მის ანგარიშგებებს ვაანალიზებ. სწორედ ისინი აჩვენებს, როგორ უძღვება კომპანია ბიზნესს. მაჩვენებლების ნაკრები საკმაოდ მცირეა, ძირითადია:
- გაყიდვები (შემოსავალი);
- მოგება ერთ აქციაზე (EPS);
- მარჟა;
- ვალი.
მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დღევანდელი მნიშვნელობები, არამედ მათი დინამიკაც ბოლო 10 წლის განმავლობაში. თუ ყველა მაჩვენებელი იზრდება (აქტივებში ვალის წილის გარდა - მასთან ყველაფერი პირიქითაა), ეს კარგია.
ზრდის ხარისხსაც აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელოვანია, რამდენად თანაბარია ის, როგორ იქცევა მაჩვენებლების ზრდის პროცენტი: წლიდან წლამდე იზრდება თუ მცირდება. ერთი კარგი წელი არაფერს ნიშნავს, სტაბილური ზრდის 10 წელი კი უკვე სისტემაა, რომელიც მდგრად (ზოგჯერ უნიკალურ) ბიზნესს ახასიათებს.
ახლა, როდესაც მდგრადად მაღალი ზრდის მქონე კომპანიები შეარჩიეთ, მნიშვნელოვანია გაიგოთ, ხომ არ არის მათი აქციების ფასი გადაჭარბებული. შესაძლოა, ბაზარმა არა მხოლოდ თქვენზე ადრე შეაფასა ეს კომპანიები, არამედ ფასში ზედმეტი ოპტიმიზმიც უკვე ასახა.
ამისთვის იყენებენ P/E მაჩვენებელს (Price / Earnings - აქციის ფასი გაყოფილი მოგებაზე ერთ აქციაზე). ის საშუალებას გაძლევთ გაიგოთ, რამდენ წელიწადში „ანაზღაურებს“ პირობითად კომპანიის მოგება აქციის მიმდინარე ფასს, მოგებისა და ფასის მიმდინარე მნიშვნელობების შენარჩუნების შემთხვევაში.
საშუალოდ ბაზარზე ეს მაჩვენებელი ჩვეულებრივ 15-25-ის დიაპაზონშია:
- P/E < 15 - ბაზარი იაფია / შიში;
- 15-20 - ისტორიული ნორმა;
- 20-25 - უკვე საკმაოდ ძვირია;
- 25+ - ბაზარი ძლიერ ზრდას ითვალისწინებს ან ბაზარი გადახურებულია.
|
სეგმენტი |
ნორმალური P/E |
|---|---|
|
ბანკები |
10-13 |
|
მთელი ბაზარი (S&P 500) |
17-19 |
|
ტექნოლოგიები (Tech) |
20-35 |
|
ფარმაცევტიკა (Big Pharma) |
12-20 |
|
კომუნალური მომსახურება (Utilities) |
14-20 |
ვუყურებ იმ კომპანიის მიმდინარე P/E მაჩვენებელს, რომელსაც ვაანალიზებ. მას ვადარებ იმ სექტორის „ნორმალურ“ P/E-ს, რომელშიც კომპანია საქმიანობს. შემდეგ ვაფასებ, მისი ფასი დაბალია, გონივრულია თუ გადაჭარბებული. თუ ფასი დაბალია ან გონივრული, აქციის ყიდვის გადაწყვეტილებას ვიღებ. გადაჭარბებულად შეფასებულ აქციებს პორტფელში არ ვამატებ.
რეკომენდაციები ინვესტორებისთვის
უნდა გაიაზროთ, რომ თქვენი მიზანი არა „აქციებზე ფულის გამომუშავება“, არამედ პორტფელის შექმნაა. მნიშვნელოვანია, ის ისე მართოთ, რომ ცხოვრებისეული მიზნების მიღწევაში დაგეხმაროთ, მაგალითად, მშვიდი და ფინანსურად მდგრადი სიბერის უზრუნველყოფაში. რამდენიმე პრაქტიკული რჩევა:
- კომპანიები ყურადღებით შეარჩიეთ ბოლო 10 წლის ფუნდამენტური ეკონომიკური მაჩვენებლების საფუძველზე. ამისთვის გამოიყენეთ ხელმისაწვდომი ონლაინინსტრუმენტები. კომპანიის შეფასება მინიმუმ $5 მილიარდი უნდა იყოს - ეს თქვენი სამუშაოს მოცულობას მნიშვნელოვნად შეამცირებს.
- ინვესტირება ეტაპობრივად განახორციელეთ. არ არის საჭირო, ერთბაშად მთელი ფული ინდივიდუალურ აქციებში ჩადოთ. დააბანდეთ მცირე ნაწილი. მისი მეშვეობით მიიღეთ გამოცდილება და თქვენი პორტფელის მოცულობა თანდათან გაზარდეთ.
- თქვენი პორტფელის მდგომარეობა ზედმეტად ხშირად არ უნდა შეამოწმოთ, ის მხოლოდ წელიწადში ერთხელ, გრაფიკის მიხედვით გადახედეთ. პრაქტიკაში ეს რთულია, ამიტომ უმჯობესია, შემოწმებებს შორის ინტერვალები თანდათან გაზარდოთ: ჯერ ყოველ მეორე დღეს, შემდეგ ყოველ მესამე დღეს, მერე კვირაში ერთხელ და ასე შემდეგ.
- თუ წლის განმავლობაში ინვესტირებისთვის დამატებითი სახსრები გაგიჩნდათ, შექმენით მეორე პორტფელი, სასურველია, ცალკე ქვეანგარიშზე.
- გამორთეთ სოციალურ ქსელებში ყველა არხი „სიგნალებითა“ და „ინსაიდებით“. უყურეთ მხოლოდ კომპანიების ანგარიშგებებს.
თუ ბაზარზე ძლიერი ვარდნა მოხდა, 72-საათიანი პაუზა აიღეთ. შემდეგ მშვიდად გააანალიზეთ თქვენი პორტფელის კომპანიები: როგორ შეიცვალა ანგარიშგებებში მათი გაყიდვები (შემოსავალი), მოგება და სხვა ძირითადი მაჩვენებლები.
დაელოდეთ მომდევნო კვარტალურ ანგარიშგებას და ციფრები ხელახლა შეამოწმეთ. თუ ისინი არ გაუარესებულა, ყველაფერი კარგადაა. თუ უარესობისკენ შეიცვალა, გაყიდვას ნუ იჩქარებთ, კიდევ სამი თვე დაელოდეთ და ფინანსური ანგარიშგება კვლავ შეამოწმეთ. მსხვილი კომპანიების მაჩვენებლები, რომელთა შეფასება $5 მილიარდზე მეტია, ძალიან ნელა იცვლება. ამიტომ მნიშვნელოვანია რეაგირება არა ფასის რყევებზე, არამედ კომპანიის ეკონომიკურ მდგომარეობაში რეალურ ცვლილებებზე. გადაწყვეტილებები ბიზნესის მაჩვენებლების საფუძველზე უნდა მიიღოთ და არა აქციების გრაფიკის მიხედვით.
წარმატებულ და მშვიდ ინვესტირებას გისურვებთ!
ავტორის ტელეგრამარხი: https://t.me/dohod_investment
სტატია პირველად გამოქვეყნდა Finversia-ზე 11.06.2026.